საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის მიერ TV ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერეშუკის განცახდება დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.
საქართველო მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცახდებაში.
ვერეშუკმა უკრაინის დაზვერვაზე დაურდნობით განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთიდან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. ვერეშუკმა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
ასევე წაიკითხეთ
ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში